გადარჩენადობა ძუძუს კიბოს დროს

 ძუძუს კიბო ყველაზე გავრცელებული სიმსივნეა ქალებში. XX საუკუნის მეორე ნახევარში მკვეთრად გაიზარდა  ძუძუს კიბოთი ავადობის სიხშირე. სტატისტიკური მონაცემებით, აღნიშნული დაავადება შეიძლება გამოუვლინდეს ყოველ მეათე ქალს. 2012 წლის მონაცემებით, ყოველწლიურად 1.7 მილიონი ახალი შემთხვევა ვლინდება მსოფლიოში, რაც კიბოს ყველა შემთხვევის 25%-ს შეადგენს. ძუძუს კიბოს მქონე ქალებში გადარჩენადობის მაჩვენებლები განსხვავებულია და დამოკიდებულია დიაგნოსტირების მომენტისთვის დაავადების სტადიაზე. გადარჩენადობის მაჩვენებელი ხშირად გამოიყენება ექიმების მიერ დაავადების პროგნოზის განსასაზღვრავად.

 სტატისტიკური მონაცემები გადარჩენადობის პერსპექტივებთან დაკავშირებით გარკვეული ტიპის კიბოსთვის და სტადიისთვის ხშირად მოწოდებულია როგორც 5 წლიანი გადარჩენადობა, თუმცა  პაციენტთა უმეტესობა 5 წლის შემდეგაც ცოცხალია. 5 წლიანი გადარჩენადობა განისაზღვრება როგორც ადამიანების პროცენტული მაჩვენებელი, რომლებიც ცოცხლები არიან კიბოს დიაგნოზის დასმიდან 5 წლის შემდეგ. მაგალითად, 5 წლიანი გადარჩენადობა 90% ნიშნავს, რომ 100 ადამიანიდან 90 ცოცხალია დიაგნოზის დასმიდან 5 წლის შემდეგ.  

 

ძუძუს კიბოს მქონე ქალების 5 წლიანი გადარჩენადობა შეადგენს 89.7%-ს. ეს მაჩვენებელი მოიცავს ძუძუს კიბოს მქონე ყველა ქალს, მიუხედავად დაავადების ტიპისა და სტადიისა.

 

სტადია 0 წარმოადგენს სიმსივნის წინარე მდგომარეობას, რომლის დროსაც ატიპიური და არანორმალური უჯრედები არსებობს, მაგრამ არ არის ინვაზიური კიბოს უჯრედები.

 

სტადია 1 დროს კიბო მცირე ზომისაა და ლოკალიზებული მხოლოდ ძუძუში.

 

სტადია 2 მოიცავს ორ მდგომარეობას: როდესაც კიბო 2 სმ-ზე პატარაა, მაგრამ გავრცელებულია ლიმფურ კვანძებზე, ან როდესაც სიმსივნე 2-5 სმ, მაგრამ არ არის გავრცელებული ლიმფურ კვანძებზე.

 

სტადია 3 გულისხმობს სხვადასხვა მდგომარეობას, მათ შორის კიბოს გავრცელებას კანზე, გულმკერდის კედელზე, ლიმფურ კვანძებში ან ძუძუსთან ახლოს.

 

სტადია 4 არის მეტასტაზური ძუძუს კიბო, რაც ნიშნავს იმას, რომ იგი გავრცელებულია ძუძუდან შორ დისტანციაზე, უფრო ხშირად, ძვლებში, ფილტვებში, ღვიძლში ან თავის ტვინში.

 

ზოგადად, რაც უფრო ადრე ხდება კიბოს დიაგნოსტიკა და მკურნალობის დაწყება, მით უფრო მაღალია ხანგრძლივი გადარჩენადობის შანსები.

 

5 წლიანი გადარჩენადობა დამოკიდებულია დიაგნოსტირების მომენტისთვის დაავადების სტადიაზე

 

 აშშ-ში ძუძუს კიბოს შემთხვევათა 61.4%-ის დიაგნოსტირება ხდება სტადია 1-ზე. განვითარებულ ქვეყნებში, სადაც ჯანდაცვის სისტემა ფოკუსირებულია პრევენციასა და სკრინინგზე, 5 წლიანი გადარჩენადობა საკმაოდ მაღალია, იმის გამო რომ დიაგნოზის დასმა შემთხვევათა უმეტესობაში ხდება ადრეულ სტადიებზე. სტადია 1-ზე დიაგნოსტირებული პაციენტების 5 წლიანი გადარჩენადობის მაჩვენებელი ინგლისში შეადგენს 99%-ს, ხოლო აშშ-ში 100%-ს. მე-2 სტადიაზე დიაგნოსტირებული ქალების 5 წლიანი გადარჩენადობა 90-93%-ია. მე-3 სტადიაში დიაგნოსტირებული ქალების გადარჩენადობა ინგლისში არის 60%, აშშ-ში 72%. სამწუხაროდ, მე-4 სტადიის მქონე პაციენტების 5 წლიანი გადარჩენადობა შეადგენს 15-22%-ს.

 

გადარჩენადობა ასაკისა და გეოგრაფიული რეგიონის მიხედვით:

 

ძუძუს კიბოს განვითარების რისკი მატულობს ასაკთან ერთად. აშშ-ს სტატისტიკის მიხედვით ძუძუს კიბოთი დიაგნოსტირებული პაციენტების მხოლოდ 3% არის 40 წელზე ახალგაზრდა. ამრიგად, ამ დაავადების გაჩენის საშუალო ასაკი არის 60 წლის ფარგლებში, მაშინ როდესაც ძუძუს კიბოთი გამოწვეული გარდაცვალების საშუალო ასაკი 68-ს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ ინციდენტობის და გადარჩენადობის მაჩვენებლები განსხვავებულია რეგიონების მიხედვით. დადგენილია, რომ განვითარებულ ქვეყნებში ძუძუს კიბოს განვითარების რისკი უფრო მაღალია ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით. ჩრდილოეთ ამერიკასა და დასავლეთ ევროპაში ძუძუს კიბოს ინციდენტობა შეადგენს 90 ქალს 100,000-დან, მაშინ როდესაც შუა აღმოსავლეთის, ცენტრალური აფრიკის, აზიის და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში იგივე მაჩვენებელი არის 20 შემთხვევა 100,000-ზე.

გადარჩენადობის ყველაზე მაღალი მაჩვენებლები აღინიშნება ჩრდილოეთ ამერიკაში, სკანდიანვიაში და ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ბრაზილია და ისრაელი. გადარჩენადობის 60%-იანი მაჩვენებელი შეესაბამება ეკონომიკურად საშუალოდ განვითარებულ ქვეყნებს, ხოლო ღარიბ ქვეყნებში ეს მაჩვენებელი 40%-ია.

 

სხვა ფაქტორები, რომლებიც ზეგავლენას ახდენენ გადარჩენადობაზე

 

 ძუძუს კიბოს ზოგიერთი ტიპი გამოირჩევა მეტი აგრესიულობით. მაგალითად, 5 წლიანი გადარჩენადობა ყველაზე დაბალია სამმაგი ნეგატიური ძუძუს კიბოს დროს (TNBC: T riple N Egat B reast C ANCER). აღნიშნული ტიპის კიბოს რეციდივირება უმეტეს წილად მოსალოდნელია პირველი 3-5 წლის განმავლობაში. 5 წლის შემდეგ რეციდივირების რისკი სხვა ტიპის ძუძუს კიბოსთან შედარებით შეიძლება დაბალი იყოს.

ბოლო 2 დეკადის განმავლობაში, 1991-დან 2012 წლამდე ზოგადად კიბოთი გამოწვეული სიკვდილობა შემცირდა 23%-ით. ძუძუს კიბოს შემთხვევაში კი 1989 წლიდან 2012 წლამდე სიკვდილობის მაჩვენებელი შემცირდა 36%-ით.

თუ თქვენ დაგესვათ ძუძუს კიბოს დიაგნოზი, იცოდეთ, რომ გადარჩენადობის მაჩვენებლები არის მხოლოდ ზოგადი სტატისტიკა. ისინი არ ასახავენ იმ ფაქტს, რომ ძუძუს კიბოს დიაგნოსტიკა და მკურნალობა უწყვეტად უმჯობესდება.

გადარჩენადობის მაჩვენებლები ეფუძნება დიდი რაოდენობით პაციენტების წინარე შედეგებს, მაგრამ მათ არ შუძლიათ იწინასწარმეტყველონ ყოველი კონკრეტული პაციენტის გამოსავალი.

თითოეული შემთხვევის ევოლუცია დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე, ამიტომ გაესაუბრეთ თქვენს ექიმს არსებული სამკურნალო მიდგომებიდან საუკეთესო არჩევანზე.