მამოგრაფია

 მამოგრაფია ძუძუს გამოკვლევის სპეციალური რადიოლოგიური მეთოდია, რომელიც ძუძუს სტრუქტურაში ცვლილებებს გამოავლენს. იგი გამოიყენება როგორც სკრინინგის საშუალება  ძუძუს კიბოს საწყისი ნიშნების აღმოსაჩენად იმ ქალებში, რომლებსაც არ აქვთ არანაირი სიმპტომი, თუმცა ასევე შეიძლება  მისი გამოყენება ქალებში, რომლებსაც უკვე აქვთ ძუძუს ცვლილებები. ეს პროცედურა კიბოს პრევენციას არ ახდენს, მაგრამ შეუძლია სიცოცხლის გადარჩენა კიბოს დროულად აღმოჩენის გზით.  

 წარსულში ძუძუს კიბოს დიაგნოზი ისმებოდა საკმაოდ შორსწასულ ეტაპზე, როდესაც  მისი აღმოჩენა უკვე პალპაციით იყო შესაძლებელი. ამჟამად, კვლევის გამოსახვითი მეთოდების წყალობით, კიბოს დიაგნოზი შესაძლებელია დაისვას  ადრეულ სტადიაზე, როდესაც იგი ძალიან მცირე ზომისაა და არ აღწევს ლიმფურ კვანძებამდე. მამოგრაფიას შეუძლია კიბო აღმოაჩინოს კლინიკურ გამოვლინებებამდე მრავალი წლით ადრე. დიაგნოზის ადრე დასმის შემთხვევაში, როდესაც სიმსივნე მცირე ზომისაა, მასტექტომია (ძუძუს მოკვეთა) აუცილებელი არ არის და საკმარისია სიმსივნის ამოკვეთა.

რასი მდგომარეობს პროცედურა?  

რენტგენის სხივების მეშვეობით ექიმს შეუძლია გამოიკვლიოს პაციენტის სხეული და დასვას ტრავმის ან დაავადების დიაგნოზი. სათანადო გამოყენებისას რენტგენის სხივები უსაფრთხო და გამოსადეგია. მნიშვნელოვანია, რომ რენტგენის სხივებით გამოკვლევა ადამიანის ცხოვრების მანძილზე ზედმეტად ხშირად არ უნდა მოხდეს, რადგან შესაძლებელია მან ჯამურად დასხივების  ზედმეტად დიდი დოზა მიიღოს. 
სხეული რენტგენის სხივებს სხვადასხვა ინტენსივობით შთანთქავს. ძვლები საკმაოდ ბევრ რადიაციას შთანთქავენ, ხოლო რბილი ქსოვილები, როგორიცაა კუნთები, ცხიმი და შინაგანი ორგანოები, თავისუფლად ატარებენ რენტგენის სხივებს. ჯერ კიდევ ახლო წარსულში რენტგენის სხივებით მიღებული სურათები სპეციალურ ფირებზე იბეჭდებოდა. ამჟამად სურათების უდიდესი ნაწილი ელექტრონულად ინახება ადვილად მისაწვდომ დიგიტალურ ფაილებში და პაციენტის მკურნალობის პრეოცესში შესაძლოა მათი ხშირად ერთმანეთთან შედარება.  

როგორ უნდა მოემზადოთ მამოგრაფიისთვის? 

სანამ მამოგრაფიას დაგეგმავთ, სასურველია ექიმს გაესაუბროთ  ძუძუსთან დაკავშირებული თქვენი პრობლემის შესახებ. ასევე უთხარით ექიმს თუ გაქვთ ჩატარებული რაიმე სახის ქირურგიული ოპერაცია, თუ იღებთ ან ადრე იღებდით ჰორმონებს, თუ გაქვთ ძუძუს კიბოს პირადი ან ოჯახური ისტორია. 
მამოგრაფია უნდა გაკეთდეს მენსტრუალური ციკლის პირველ ნახევარში, უმჯობესია 7-14 დღეს, როდესაც ძუძუს ქსოვილი ნაკლებად მკვრივია. ორსულობის დროს მამოგრაფია უკუნაჩვენებია. ასევე რეკომენდებულია, რომ პროცედურის დროს ძუძუს და იღლიების მიდამოში არ გქონდეთ ტალკის, დეზოდორანტის ან ლოსიონის კვალი. ისინი შეიძლება მამოგრამაზე კალციუმის ჩანართების სახით გამჩნდნენ.

რას იგრძნობთ პროცედურის დროს და მის შემდეგ?

 მამოგრაფიის პროცესში პაციენტი, უმეტეს შემთხვევაში, მინიმალურ დისკომფორტს განიცდის. გამოკვლეული იქნება ორივე ძუძუ. ტექნიკოსი მოგათავსებინებთ ძუძუს პლატფორმაზე და ზევიდან დააწვება სპეციალური ფირფიტით (რომელიც სხივების გამტარი მასალის არის), რათა ძუძუს სისქე შემცირდეს და უკეთ მოხდეს მისი ანატომიური სტრუქტურის გამოსახვა. ეს ზეწოლა გრძელდება რამოდენიმე წამი და იწვევს მსუბუქი მოჭერის შეგრძნებას, რომელიც გაივლის მაშინვე, როგორც კი ზეწოლა მოგეხსნებათ. ზოგიერთი ქალი, რომელსაც უფრო მგრძნობიარე ძუძუ აქვს, მეტ დისკომფორტს განიცდის, თუმცა უნდა გახსოვდეთ, რომ სათანადო კომპრესია (ზეწოლა) მამოგრაფიის ხარისხის საწინდარია. მამოგრაფია ასეთივე ეფექტური არ არის ახალგაზრდა ქალებში. ახალგაზრდა ქალების ძუძუს ქსოვილი უფრო მკვრივია რაც მიღებული გამოსახულების სწორ ინტერპრეტაციას ართულებს. მედიცინის ექსპერტები თვლიან, რომ 40 წლამდე უმცროსი ასაკის ქალებში სკრინინგული მამოგრაფია უფრო მეტი რისკის შემცველია, ვიდრე პოტენციური სარგებლის. თუ თქვენ ადრე ჩატარებული გაქვთ მამოგრაფია, შემდეგშიც უნდა ჩაიტაროთ ხოლმე ის, რომ შედეგები ერთმანეთს შეადაროთ.

ვინ შეაფასებს შედეგებს და როგორ გაიგებთ თქვენ მათ? 

 რადიოლოგიური გამოსახვის შედეგებს შეაფასებს და აღწერს ექიმი-რადიოლოგი. იგი გადაუგზავნის სურათებს და მათ ინტერპრეტაციას მკურნალ ექიმს, რომელიც პაციენტთან ერთად განიხილავს მიღებულ ინფორმაციას. ზოგიერთ შემთხვევაში საჭიროა დამატებითი ანალიზების და კვლევების ჩატარება და თქვენი ექიმი აგიხსნით, თუ რატომ არის საჭირო ისინი. როგორც სტატიის დასაწყისში იყო აღნიშნული, მამოგრაფია არ არის საკმარისი იმისათვის რომ სარწმუნოდ დადგინდეს კიბოს არსებობა. მამოგრაფიის ინტერპრეტაციას ართულებს ის, რომ ყველა ქალის ნორმალური ძუძუს ქსოვილი ერთნაირად არ გამოიყურება. გარდა ამისა, მიღებული სურათის სიმკვეთრე შეიძლება არასაკმარისი იყოს თუ ძუძუზე არის ტალკის ან ლოსიონის ნარჩენები. თუ თქვენ ძუძუს იმპლანტი გაქვთ, მამოგრაფია მაინც კეთდება, მაგრამ ნაკლები დასხივებით და კომპრესიით, ვიდრე სტანდარტული მამოგრაფია.

მამოგრაფია კეთდება შემდეგი ჩვენებებით:

  • ჯანმრთელი ქალების სკრინინგისათვის ძუძუს კიბოს ადრეულ სტადიაზე აღმოსაჩენად
  • ძუძუს ან საკვერცხის კიბოს ოჯახური ანამნეზის შემთხვევაში
  • თუ ადგილი აქვს სიმპტომებს, როგორიცაა ტკივილი, დვრილიდან გამონადენი, დვრილის ჩაბრუნება, კვანძები, რომლებიც ხელით ისინჯება;
  • წინა მამოგრამებზე აღმოჩენილი დარღვევების მონიტორინგი;

ამერიკის რადიოლოგიის კოლეჯმა (American College of Radiology) შეიმუშავა ბირადის მამოგრაფიის შეფასების კოდი (Birads Mammographic Assessment Code), რომლითაც აღიწერება მამოგრამა:

  1. ნორმა;
  2. კეთილთვისებიანი დაზიანება;
  3. მეტად სავარაუდოა კეთილთვისებიანი დაზიანება, საჭიროებს დაკვირვებას;
  4. საეჭვო კიბო, რეკომენდებულია ბიოფსია;
  5. მეტად სავარაუდოა დაზიანების ავთვისებიანი ხასიათი, საჭიროა ბიოფსია და ქირურგიული ოპერაცია.

მიუხედავად იმისა, რომ დღესდღეობით არსებული მეთოდებიდან მამოგრაფია ძუძუს კიბოს სკრინინგის საუკეთესო საშუალებაა, იგი ყოველთვის საბოლოო დასკვნის გაკეთების საშუალებას არ იძლევა და საჭიროებს გადამოწმებას ძუძუს ულტრაბგერითი გამოკვლევით (ექოსკოპია) ან მრტ-ით. ამ გამოკვლევის მეთოდების შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ ნაწილებში „ულტრაბგერით გამოკვლევა“ და „მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია“.