მაგნიტურ რეზონანსული გამოსახვა (MRI)

  მაგნიტურ რეზონანსული გამოსახვა (MRI), რომელსაც ასევე მაგნიტურ რეზონანსულ ტომოგრაფიას (მრტ) უწოდებენ, კომპლექსური ინსტრუმენტული გამოკვლევაა, რომელიც მაღალი სიზუსტით ხასიათდება. გამოსახვის ეს მეთოდი არ არის ინვაზიური და რუტინული სადიაგნოზო პროცედურების შემდეგ უფრო სრულყოფილი დიაგნოსტიკის მეთოდს წარმოადგენს. მისი საშუალებით მიიღება გამოსახულებები, რომლებიც საკვლევ მიდამოში არსებული ცვლილებების უფრო ზუსტი აღმოჩენის და აღწერის შესაძლებლობას იძლევა, რაც გამოსახვის სხვა მეთოდებით ხშირად შეუძლებელია. მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია უმეტესწილად გამოიყენება მამოგრაფიით ან ულტრაბგერითი გამოკვლევით აღმოჩენილი ცვლილებების  დასადასტურებლად.

  ამ პროცედურის დროს, რენტგენის სხივების ნაცვლად  გამოიყენება რადიოტალღები და მძლავრი მაგნიტური ველი, რომელთა საშუალებით მიიღება ძუძუს ქსოვილების დეტალური კომპიუტერული სურათი. ძუძუს მრტ გამოკვლევისათვის საჭიროა ინტრავენურად კონტრასტის შეყვანა. ამიტომ, გამოკვლევის დაწყებამდე საჭიროა თირკმლის ფუნქციის შემოწმება, რისთვისაც სისხლში ადგენენ შარდოვანას და კრეატინინის დონეს. ამ ორი მაჩვენებლის შემოწმება საჭიროა ყველა იმ  გამოკვლევის  წინ, რომლის დროსაც ინტრავენურად  საკონტრასტო ნივთიერების შეყვანა ხდება. კონტრასტირების საშუალებით შეისწავლება სიმსივნის ვასკულარიზაცია და შედეგად კი მიიღება საეჭვო მიდამოს სამგანზომილებიანი მრტ  სურათი. სურათი არის ციფრული და მისი ოპტიმიზაციით შესაძლებელია წარმონაქმნის უფრო მეტი სიზუსტით შესწავლა.

 

მრტ ძუძუს იმპლანტის შემთხვევაში 

 

 პაციენტებისათვის, რომლებსაც ძუძუს იმპლანტები აქვთ ჩანერგილი,  მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია არის ერთადერთი მეთოდი, რომელიც სილიკონის იმპლანტის სწორად დგომის და ინტეგრირების სრულყოფილად გამოკვლევის საშუალებას იძლევა. ასეთ შემთხვევებში ინტრავენური კონტრასტის გამოყენება აუცილებელი არ არის. რატომ არის საჭირო მრტ ძუძუს იმპლანტის შემთხვევაში? იმიტომ, რომ იმპლანტი ხშირად ხელს უშლის მამოგრაფიის დროს პათოლოგიური ცვლილებების იდენტიფიცირებას. მრტ ასევე რეკომენდებულია ახალგაზრდა ქალებისათვის, რომელთა ძუძუს ქსოვილი უფრო მკვრივია.

 

მრტ  არის ძუძუს სიმსივნის მონიტორინგისა და სტადიის დადგენის მეთოდი

 

 მიუხედავად იმისა, რომ ძუძუს მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია არ არის პირველადი გამოკვლევის მეთოდი, მისი საშუალებით შესაძლებელია ძუძუს კიბოს მონიტორინგი და მისი სტადიის დადგენა. ასევე იგი გამოსახავს ძუძუში არსებულ სხვა ცვლილებებს, რომელთა ხასიათის  იდენტიფიცირება გამოსახვის სხვა მეთოდებით ვერ მოხერხდა. იგი ასევე ეფექტურად გამოააშკარავებს სიმსივნის გავრცელებას ძუძუს შიგნით და გულმკერდის კედელზე. ასევე მრტ-ის საშუალებით შესაძლებელია ნაწიბუროვანი ცვლილებებისა და ახალი სიმსივნის ერთმანეთისაგან გარჩევა. ძუძუს მრტ ჩვეულებრივ მესამე რიგის გამოკვლევაა, ანუ იგი უკვე ჩატარებული მამოგრაფიით და/ან ულტრაბგერითი გამოკვლევით (ექოსკოპიით)  მიღებული მონაცემების  გადასამოწმებლად გამოიყენება. ამასტანავე, იგი დღესდღეობით ძუძუს გამოკვლევის ყველაზე სრულყოფილი მეთოდია. ამიტომ, თუ მრტ-ით მიღებული ინფორმაცია კორელაციაშია კლინიკური გამოკვლევის მონაცემებთან, ოჯახურ ანამნეზთან და, რაც მთავარია, მამოგრაფიის /ექოსკოპიის მონაცემებთან, დიაგნოზის სიზუსტე თითქმის 100%-იანია. მრტ-ის ძირითადი ნაკლი ის არის, რომ იგი ხშირად ცრუ დადებით პასუხს იძლევა, ანუ ქსოვილში არსებული ცვლილება სურათზე გავს კიბოს, თუმცა იგი კიბო არ არის. სწორედ ამიტომ, გამოკვლევა მხოლოდ ერთი მეთოდით თითქმის არასოდეს ხდება.

 

როდის არის ნაჩვენები მრტ? 

 

 ძუძუს მრტ რეკომენდებულია ქალებისათვის, რომელთაც აქვთ ძუძუს კიბოს წარმოშობის მომატებული რისკი ოჯახური ანამნეზის და/ან BRCA1 ან BRCA2 მუტაციის არსებობის გამო. კვლევები ადასტურებს, რომ  სკრინინგული მრტ გადაღებით შეიძლება აღმოჩენილი იქნას  სარისკო წარმონაქმნები, რომლებიც ზოგჯერ არ ვლინდება ძუძუს კლინიკური გასინჯვით და მამოგრაფიით. მიუხედავად ამისა, ეს მაღალტექნოლოგიური მეთოდი, ყოველთვის საუკეთესო სადიაგნოზი საშუალება არ არის. ზოგიერთ შემთხვევაში მრტ-ით შეიძლება არ გამოისახოს კალციუმის მცირე ზომის ჩანართები, რაც კიბოს ადრეული ნიშანია. სწორედ ამიტომ, ძუძუს მრტ რეკომენდებულია, როგორც მესამე რიგის გამოკვლევა, იგი არ არის მამოგრაფიის ალტერნატივა და ვერ ჩაანაცვლებს მას. ყოველწლიური მამოგრაფია და ძუძუს მრტ რეკომენდებულია იმ ქალებისათვის, რომელთაც ძუძუს კიბოს წარმოშობის საშუალოზე მაღალი რისკი აქვთ. მაღალი რისკის მქონე ქალებს ძუძუს კიბო უფრო ადრეულ ასაკში უჩნდებათ და იგი უფრო აგრესიულია, ვიდრე ძუძუს კიბო საშუალო რისკის მქონე ქალებში. 
ამერიკის კიბოს საზოგადოების (American Cancer Society)  რეკომენდაციით, მაღალი რისკის მქონე ქალებს ყოველწლიურად უნდა ჩაუტარდეთ მამოგრაფია და ძუძუს მრტ.

 

მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფიის წინააღმდეგჩვენებები 

 

 მრტ წინააღმდეგნაჩვენებია, თუ: 
 1)თქვენ გაქვთ იმპლანტირებული გულის რითმის წამყვანი, ან გულის დეფიბრილატორი; 
 2)გაქვთ იმპლანტირებული გულის სარქველი; 
 3)ჩატარებული გაქვთ თავის ტვინის ან ყურის ოპერაცია (თუ იმპლანტირებული გაქვთ ნეიროსტიმულატორი ან რაიმე სხვა იმპლანტი); 
 4)გაქვთ პროთეზი ან რაიმე სხვა მოწყობილობა ჩანერგილი კიდურებში, მუხლის ან ბარძაყის სახსრებში (მაგ. ლითონის ჩხირები ან ჭანჭიკები) ან სასმენი ან კბილის მოწყობილობები; 
 5)გაქვთ  უცხო სხეული ყურებში; 
 6)თუ თქვენ ოდესმე დაჭრილი იყავით ლითონის საგნით, რომლის, თუნდაც მცირე ზომის, ნაწილი სხეულში ან თვალებთან ახლოს გაქვთ დარჩენილი; 
 7)გაქვთ კლაუსტროფობია ან შფოთვითი აშლილობა; 
 8)დანამდვილებით, ან შესაძლოა ხართ ორსულად, ან ხართ მეძუძური დედა; 
 9)ხართ ალერგიული. 

 

როგორ კეთდება ძუძუს მრტ? 

 კვლევა ტარდება მენსტრუალური ციკლის 7-14 დღეს, რადგან ამ პერიოდში ძუძუს ქსოვილში ნაკლები სითხეა იგი ნაკლებად მკვრივია. კვლევა გრძელდება დაახლოებით 30 წუთი. ამ დროის მანძილზე აპარატი იღებს უამრავ შრეობრივ სურათს,  (დაახლოებით 1500). შემდეგ ხდება მიღებული სურათების დამუშავება სპეციალური კომპიუტერული პროგრამით და მიიღება დეტალიზებული გამოსახულებები, რომლებზეც შესაძლებელია 5 მმ-ზე მეტი ზომის მქონე დაზიანების აღმოჩენა და დახასიათება. საკონტრასტო ნივთიერების ჩართვის თავისებურებიდან გამომდინარე შესაძლებელია იმის თქმა, დაზიანება კეთილთვისებიანია თუ ავთვისებიანი. 

 

 ძუძუს მრტ-ს გადაღებისას თქვენ 25-30 წთ-ით უნდა მოთავსდეთ აპარატის „გვირაბში“ მუცელზე მწოლიარე მდგომარეობაში. ხელები ამ დროს გაწეული გაქვთ წინ, ხოლო შუბლი კი გიდევთ წინამხრებზე. ამგვარი პოზიცია საკმაოდ კომფორტულია. თუ პაციენტს ჩაკეტილი სივრცის შიში აქვს, შეიძლება მისი მოთავსება გვირაბში ისე, რომ თავი მრტ-ის აპარატის გვირაბის გამოსასვლელთან ახლოს იყოს.  ინტრავენური კონტრასტირების წამალი ჰიპოალერგენულია და გვერდითი ეფექტები არ გააჩნია (თუ არ არის თირკმლის უკმარისობა).  ძუძუს მრტ მნიშვნელოვანია კიბოსწინარე მდგომარეობების ადრეული იდენტიფიცირებისა და ძუძუს კიბოს აღმოსაჩენად 0/ in citu სტადიაზე. იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ გამოხატულად მასტოკლასტური ძუძუ, ამგვარი მცირე დაზიანებები მამოგრაფიისათვის და ექოსკოპიისათვის უხილავია, მრავალი ფიბროზული ცისტის გამო, რომლებიც მიკრულია ჯირკვლოვან ქსოვილზე.

 

როდის მიიღებთ მრტ-ის შედეგებს? 

 

 პირველ კომენტარს გამოკვლევის დასრულებისთანავე შეიტყობთ, თუმცა ეს მხოლოდ ზოგადი, წინასწარი პასუხი იქნება. საბოლოო, დეტალური დასკვნის გამოტანა საჭიროებს კომპლექსურ ანალიზს სპეციალური კომპიუტერით, შედარებას ადრე ჩატარებული კვლევების შედეგებთან და იგი სპეციალისტი რადიოლოგის მიერ შედგენილი იქნება გამოკვლევიდან ერთი დღის შემდეგ. 
ძუძუს სხვა გამოკვლევის მეთოდების შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ ნაწილებში „ულტრაბგერით გამოკვლევა“ და „მამოგრაფია“ .